ტრეფიკინგი საქართველოში

     ტრეფიკინგი, როგორც მოვლენა მჭიდროდაა დაკავშირებული უკანასკნელ პერიოდში რეგიონში და საქართველოში მომხდარ სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ძვრებთან, რამაც გამოიწვია მოსახლეობის დიდი რაოდენობით გადაადგილება უფრო უსაფრთხო და უზრუნველყოფილი ცხოვრების ძიებაში სოფლიდან ქალაქისკენ (ძირითადად თბილისისკენ), ასევე მისი გადინება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საქართველო, მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ასევე გამოიყენება როგორც სატრანზიტო მაგისტრალი უცხოელი მოქალაქეების მიერ მათი მიგრაციისას. ყოველივე ამან შესაბამისი ნიადაგი შექმნა შუა საუკუნეების საქართველოში ,,ტყვეთა სყიდვის” სახელით ცნობილი მოვლენის თანამედროვე ფორმით აღორძინებისათვის.
     საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ტრეფიკინგი ესაა:
“ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე მუქარით, ძალადობით ან იძულების სხვა ფორმით, მოტაცებით, შანტაჟით, თაღლითობით, მოტყუებით, უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, საზღაურის ანდა სარგებლის მიცემის ან მიღების გზით იმ პირის თანხმობის მისაღწევად, რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით”
    საქართველო სულ უფრო აქტიურად ერთვება ტრეფიკინგთან ბრძოლაში. ქვეყანა შეუერთდა ამ დანაშაულის წინააღმდეგ მიმართულ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო დოკუმენტებს - ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ადამიანებით, განსაკუთრებით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დამნაშავეთა დასჯის დამატებითი პროტოკოლისა და ევროპის საბჭოს კონვენციას ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

წყარო